ეკონომიკა
18/02/2022

"სახელმწიფო საწარმოები გვანან ტყვეობაში მყოფ გარეულ ცხოველებს, რომლებიც ტყეში რომ გაუშვა დაიხოცებიან"

"განზრახვა კარგია, რაც არის წარმოდგენილი ჯერ კიდევ 2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების დოკუმენტში, მაგრამ რა შედეგებს გამოიღებს ეს რეფორმა უცნობია. ეჭვი მაქვს, რომ ეს თავისი შინაარსით ნახევარზომაა," – ასე აფასებს PMCG-ის ეკონომისტი, მიხეილ კუკავა კორპორატიზაციის პროცესს.

მიხეილ კუკავა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ კორპორატიზაცია არ არის განკერძოების ალტერნატივა და, შესაბამისად, იმ პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა, რაც სახელმწიფო საწარმოების მომგებიანობას გულისხმობს.

"ზოგიერთი საწარმოს შემთხვევაში, კორპორატიზაცია შეიძლება იყოს შედარებითი გაეფექტიანების გზა, თუმცა ეს ყველა სახელმწიფო საწარმოს გრძელვადიან პრობლემას არ წყვეტს. ამ მხრივ ნამდვილად გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ამ აქტივებისგან გათავისუფლდეს. სახელმწიფო ბიზნესს არ უნდა აკეთებდეს. მაგალითად, საპარტნიორო ფონდს, ერთი შეხედვით, დიდი რეორგანიზაცია შეეხო, მაგრამ რა შინაარსს მივიღებთ - ვნახოთ. საპარტნიორო ფონდი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალური რეფორმა მოხდება. სახელმწიფო კომპანიებისგან ფონდის შემაკავებელი ორდერი გვინდა: ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარის თქმა ეს არის. სახელმწიფო აღარ უნდა იყოს ფონდის აქციონერი: ფონდის კანონის მუხლი 2 და ფონდის წესდების მიხედვით კი ახლა არის. ჯერ რა იქნება არ ვიცით," – აღნიშნავს მიხეილ კუკავა.

მისივე თქმით, კორპორატიზაციის არსი სახელმწიფო საწარმოების ბიზნესსექტორისთვის დამსგავსებაა.

"ასევე მნიშვნელოვანია იყო სექტორიზაცია, რაც 2020 წლის აპრილის თვეში დასრულდა: სახელმწიფო საწარმოთა მიკუთვნება სახელმწიფო კორპორაციებისა და სამთავრობო სექტორებზე. გამოიყო საწარმოები, რომლებიც სრულად კომერციულები არიან ან გააჩნიათ პოტენციალი იქცნენ კომერციულ საწარმოებად. სულ 52 საწარმო მიეკუთვნა სახელმწიფო კორპორაციების სექტორს, ხოლო სამთავრობო სექტორს - 183 საწარმო. თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან სახელმწიფო საწარმოები გვანან იმ გარეულ ცხოველებს, რომელსაც ტყვეობაში ამყოფებ და რომ გაუშვა ტყეში დაიხოცებიან, რადგან ინსტინქტები არ გააჩნიათ. ეს კორპორატიზაცია იქნება თუ არა თავშესაფარი, რომელიც მოამზადებს ამ საწარმოებს ველურ პირობებში გასასვლელად, არ ვიცი და დიდი ეჭვი მაქვს ეს ასე არ იქნება," - ამბობს, PMCG-ის ეკონომისტი, მიხეილ კუკავა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სახელწიფო საწარმოების კორპორატიზაციის დაწყებაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დაიწყო საუბარი. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა.