საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა
საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 3%-ული პუნქტით 16%-მდე შემცირდა.
მთლიანობაში ამ პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა თითქმის 43 000 ადამიანით გაიზარდა და 884 000-ს მიაღწია, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 18 000-ით გაიზარდა და 420 000-ს გადააჭარბა. ამ ფონზე უმუშევართა რაოდენობა 250 ათასს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5%-ული პუნქტით 52.7%-მდე არის გაზრდილი, დასაქმების დონე კი 2.8%-ული პუნქტით 44.2%-მდე გაიზარდა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.%-ული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 1.7%-ული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3%-ული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.3%-ული პუნქტით, შესაბამისად 45.8%-ს და 42.1%-ს შეადგენს. დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 67.8%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად 3.7 და 1.9%-ული პუნქტით.