საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.7%-ით, რაც -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: სატრანსპორტო მომსახურება (-2.9 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-2.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (-1.5 პროცენტი).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (3.0 პროცენტი), თევზეული (2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი) და ხილი და ყურძენი (-1.1 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8-პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტობრივ გადასახადზე (2.1 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2-პროცენტიანი მატება, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები ძირითადად მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (2.2 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.