საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო ჩამოყალიბდება
საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო ჩამოყალიბდება. საკითხი ეკონომიკის მინისტრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საბჭოს ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იმუშავებენ, რათა მთლიანად ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია მოხდეს, მათ შორის განვითარდეს IT მიმართულებებიც, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და დამატებით შემოსავლების მობილიზებას შეუწყობს ხელს.
"მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მომავალში სწორედ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება იქნება," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს ხედვები როგორც უშუალოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის, ასევე ზოგადად ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებებით უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე.
აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა მიესალმება ბიზნესის მხრიდან წამოსულ ინიციატივებს დარგის უფრო სწრაფად განვითარების მხრივ და მათ მუდმივმოქმედი ქმედითი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა შესთავაზა, რაც ბიზნესის მხრიდან დადებითად იქნა მიღებული.
შეხვედრაზე დიალოგის დროს გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარების, ქვეყანაში შექმნილი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გატანის ხელშეწყობის, დარგში პროფესიული კადრების გადამზადების კუთხით და სხვ.
"მსგავსი დარგობრივი შეხვედრები გვექნება ყველა სექტორთან იმისთვის, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ პირველად საჭიროებები, ავსახოთ ისინი ჩვენს პოლიტიკაში, რომელიც უფრო ქმედითი და საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.