ეკონომიკა
01/10/2020

საქართველოში შრომის ბაზრის მიმართულებით გატარებული რეფორმებით ყირგიზეთი დაინტერესდა

საქართველოსა და ყირგიზეთის შრომისა და დასაქმების სფეროს წარმომადგენლებს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა თამილა ბარკალაიამ და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ველთაურმა ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართეს ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, კამალდინ როკტოსარტოვთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან.
 
მსოფლიო ბანკის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ყირგიზულმა მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული პროექტების თაობაზე და გამოცდილების გაზიარებისთვის ქართულ მხარეს თხოვნით მიმართა. შეხვედრის მიზანს საქართველოს გამოცდილების შესწავლა და გაზიარება წარმოადგენდა, რაც მათ 2021-2025 წლებისთვის ყირგიზეთის რესპუბლიკის მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავებაში დაეხმარება.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მთავარ პრინციპებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ტენდენციებზე. განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტები, მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციები. სააგენტოს ხელმძღვანელობამ ყირგიზელ კოლეგებს გააცნეს სააგენტოს საქმიანობა, სტრუქტურა, მიმდინარე პროგრამები და პროექტები. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა.
 
 
 
Businesspartner