ეკონომიკა
15/06/2023

საქართველოში მოქმედი თეატრების დატვირთულობა გაზრდილია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით,  საქართველოში მოქმედი თეატრების დატვირთულობა გაზრდილია.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის, 41 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 - თოჯინების თეატრი. თეატრების უმრავლესობა - 51.9% თბილისში, 15.4% - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.7% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა.

მათივე ინფორმაციით,  2022 წელს ქვეყანაში 4 000 ღონისძიება ჩატარდა, აქედან - 256 გასვლითი (ქალაქის გარეთ) იყო. ქართულმა თეატრალურმა დასებმა საზღვარგარეთ ამ პერიოდის განმავლობაში 79 ღონისძიება გამართეს, რომელშიც 920 პირი მონაწილეობდა.

2022 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 112.3%-ითაა გაზრდილი და 3 794 ერთეული შეადგინა. აღსანიშნია, რომ სპექტაკლების ნახევარზე მეტი, რაც 63.7%-ს შეადგენს, დედაქალაქში გაიმართა.

2022 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა და 547.0 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ქ. თბილისი (64.8 პროცენტით), ხოლო მეორე ადგილზეა იმერეთი (10.0 პროცენტით).

2022 წელს საქართველოში 252 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 98 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 71 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 24 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს, ხოლო 44 სხვა სახის მუზეუმს.

2022 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა ქ. თბილისში (23.0 %). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.9%) და კახეთის (13.5%) რეგიონებია.

2022 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 109.2 პროცენტით გაიზარდა და 1 688.2 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 6.7 ათასი დამთვალიერებელი მოდის.

2022 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 95.0 პროცენტით გაიზარდა და 39 110 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 59.0 პროცენტით გაიზარდა და 854 ერთეული იყო.