ეკონომიკა
24/05/2022
საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნა განიხილება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს ემი ვივერის შეხვდა, სადაც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა განიხილეს.
შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
პრემიერმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.
აღინიშნა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.
Salesforce უმსხვილესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ისრაელში, ჩინეთში, იაპონიასა და იტალიაში, სათაო ოფისი კი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს.
კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 26 მლრდ დოლარს გადააჭარბა.