საქართველოში გამავალი მილსადენებით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
საქართველოს დერეფნით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, საქართველოში გამავალი 2 მილსადენით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) 30.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, კლება 2020 წელთან შედარებით 1.4 მლნ ტონაა.
ყველაზე მეტი ნავთობის გატარება მილსადენებით გასული წლის მარტში მოხდა - 2.9 მლნ ტონის მოცულობით.
2021 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის მოცულობამ 26 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია და ბოლო 10 წლის განმავლობაში მილსადენის დატვირთვის მინიმალური მაჩვენებელია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ; აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მილსადენს აქვს 8 სატუმბი სადგური, მათ შორის ორი საქართველოში. ამ ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლიდან ხორციელდება.
დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.
მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 ათასი ტონაა.