"საქართველოში ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს შორის „საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, რომელიც იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ხელმოწერა გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (IGF) ფარგლებში გაიმართა, რომელიც იაპონიის ქალაქ კიოტოში მიმდინარეობს.
„იაპონია მდგრადი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და მობილური ქსელების განვითარების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ამდენად, მასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვა - განვითარებას. საქართველოში ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მონაცემთა ცენტრებისა და შესაბამისი საშუალებების და ზოგადად, ICT ინდუსტრიის განვითარებას, აგრეთვე აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, გამოგონებებისა და კვლევების, ტექნიკური ინოვაციების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი ორიენტირებულია ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.