საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინოვაციური საბაჟო-გამშვები პუნქტი მოეწყობა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინოვაციური საბაჟო-გამშვები პუნქტი მოეწყობა, პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტზე, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი შეიმუშავებს ციფრულ პლატფორმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ორივე ქვეყნის ინფორმაციულ სისტემებთან.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას და შესაძლოა, გახდეს კარგი მოდელი CAREC- ის დერეფნისთვის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის სტანდარტების ჰარმონიზაციის ციფრულმა გადაწყვეტამ, მონაცემთა გაცვლის კოორდინირებულმა სისტემამ, შესაძლოა, გაზარდოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალი.
აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, თემაზე: „რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა ციფრული ტრანსფორმაციის გზით“.
„ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია, სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური სისტემების სინქრონიზაცია, მონაცემებისა და დოკუმენტაციის ელექტრონული გზით გაცვლა - ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ „ციფრული ინტეგრაციის გზით“ შეიძლება. პანდემიის შემდეგ პერიოდში, CAREC-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით, თუმცა მხოლოდ მთავრობების მხრიდან ძალისხმევა არ არის საკმარისი, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიალოგს კერძო სექტორთან. ყველას გვესმის, რომ ინტეგრაციის პროცესის საბოლოო ბენეფიციარი სწორედ კერძო სექტორი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიზნესი განვიხილოთ როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.