საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები იწყება
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები იწყება, პირველი რაუნდი სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.
ამ საკითხზე ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალ-საეღს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. იმსჯელეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც.
მხარეებმა ორმხრივ ვაჭრობაში წარმატებულ თანამშრომლობაზე აღნიშნეს, თუმცა აღინიშნა, რომ ვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2022 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82%-ით, ექსპორტი 34%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ინვესტიციებს, დღეის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირებულია 190 კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კაპიტალის მონაწილეობით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის, საზღვაო ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინოვაციების სფეროებში.
აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ეწვია 40-მდე მსხვილი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელებით.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატას, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნაზე.