ეკონომიკა
19/02/2021

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია

2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარში, 313.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (34.4 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (27.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (26.9 მლნ. აშშ დოლარი).