"საქართველოს "შუა დერეფანში" მონაწილეობას ხელს ვუწყობთ, რადგან მას ევროკავშირთან მიაახლოებს"
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკმა ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკის მთავრობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას ხელს უწყობს, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ერინ ელიზაბეთ მაკკმა ამის შესახებ "აბრეშუმის გზის ფორუმის" ერთ-ერთ პანელზე - "ვაჭრობა მომავლისთვის" ისაუბრა.
USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა ყურადღება "შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე გაამახვილა.
"შუა დერეფანი ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ წვლილი შეიტანონ და სავაჭრო ურთიერთობებისგან თვითონაც ძლიერი სარგებელი მიიღონ. ტრანზიტი, ლოგისტიკა, უფრო მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები - ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება.
რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე, რეგიონის სტაბილურობას ხელს უწყობს,"- განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკმა.
მისი თქმით, ეკონომიკის წარმატების წინაპირობა სწორედ მშვიდობაა.
"ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, იმიტომ რომ ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან.
ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ საქართველოს ხელს ვუწყობთ, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის როლს, უფრო მეტად გამოკვეთს", - განმარტა USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორმა.