ეკონომიკა
18/08/2023

საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების 20.6% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4021 გემი შემოვიდა.

საქსტატის მონაცემებით, გემების 31.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 30.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, 29.9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო დარჩენილი 8.2 პროცენტი - ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.

2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 3.4 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 3.8 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 50.0 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 20.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 13.7 პროცენტი - პანამის, 13.4 პროცენტი - ლიბერიის, 8.5 პროცენტი - მალტის, 6.2 პროცენტი - რუსეთის, 5.2 პროცენტი - ბულგარეთის, ხოლო 32.4 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

Businesspartner