ეკონომიკა
31/03/2022

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $22 მლრდ-ია

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაზრდილია. 

სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ დოლარს (67.6 მლრდ ლარი) მიაღწია, რაც მშპ-ს 116.8%-ია. 2021 წლის მეოთხე კვარტალში მაჩვენებელი 775.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

მთლიანი ვალიდან სახელმწიფო საგარეო ვალი 10.7 მლრდ დოლარია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალი 8 მლრდ დოლარია, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 954.1 მლნ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 503 მლნ დოლარი და 1.2 მლრდ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.6 მლრდ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 90.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 13.3 მლრდ დოლარი შეადგინა, აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ დოლარია.

2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და წლის ბოლოსთვის 954.1 მლნ დოლარი შეადგინა.