საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $20.6 მლრდ-ია
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 20.6 მლრდ აშშ დოლარია, ეს ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 123.3%-ია.
სებ-ის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი $11.6 მლნ-ით გაიზარდა. საკურსო ცვლილებების გამო ვალი 201.1 მლნ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 20 მლნ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო კი ვალი 207.6 მლნ დოლარით შემცირდა და სხვა ცვლილების გამო 2 მლნ დოლარით.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10 მლრდ დოლარი, რაც მშპ-ს 59.5%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.8 მლრდ დოლარი (მშპ-ს 46.7%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 689.8 მლნ დოლარი (მშპ-ს 4.1%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 518.2 მლნ აშშ დოლარი (მშპ-ს 3.1%) და 941.4 მლნ დოლარი (3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6%).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (მშპ-ს 25.8%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.5%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ დოლარი (მშპ-ს 19.2%). მთლიანი საგარეო ვალის 91.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 76.2%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ დოლარია, რაც მშპ-ს 34.1%-ია.
2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 115.9 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 112 მლნ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 3.9 მლნ დოლარით გაიზარდა.
2021 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 689.8 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.4 მლნ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
წყარო: ეროვნული ბანკი