საქართველოს მსოფლიო სცენაზე გასვლის შანსი აქვს - კოლინ დონოჰიუ
საქართველოს დაუდგა მომენტი გავიდეს მსოფლიო სცენაზე, - განაცხადა „სტარტაპ გრაინდ თბილისის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კოლინ დონოჰიუმ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“. მისი ინფორმაციით, ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მისი ეკოსისტემა მიმზიდველი გახდეს.
მისი განცხადებით, საქართველოს სტარტაპ სამყაროში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევაც არსებობს.
„პირველი ეს არის იდეების ეტაპი. ადამიანები მოდიან და მეუბნებიან, რომ ორი წელი მუშაობდნენ ამ იდეებზე და მათ დაფინანსება სჭირდებათ. აქ კი მნიშვნელოვანია, რომ იდეა სწორი მიმართულებით წარიმართოს. სტარტაპი არ ნიშნავს მცირე ბიზნესს, ეს გახლავთ იდეა, რომელმაც შეიძლება სწრაფად ზრდის უნარი გამოავლინოს, მიაღწიოს მაღალ მაჩვენებლებს. ასე რომ, მნიშვნელოვანია შერჩევის მომენტი. მეორე ეს არის მენტორები მაღალი დონის ტექნოლოგიური კომპანიებიდან. მაგალითად, 50 000 ადამიანი მუშაობს სილიკონის ველზე, რომლებმაც შექმნეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ეს ისტორია საქართველოში არ გვაქვს, ამიტომაც ვცდილობთ მოგიყვანოთ ეს ადამიანები და არა ექსპერტები. მნიშვნელოვანია მენტორების ქსელების შექმნა“, - აცხადებს დონოჰიუ.