საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
მათ შორის, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე, მედიაციაში გადამზადების კურსების ერთობლივი დაორგანიზება.
„ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და კომერციულ დავებში გამოყენებას უწყობს ხელს. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა - მედიაცია და არბიტრაჟი - ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. მთავრობა, ბიზნეს საზოგადოება, არა სამთავრობო სექტორი, ჩვენი პარტნიორები - ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაციის განვითარება და გაძლიერება არის უალტერნატივო გზა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად“, განაცხადა ნინო კვეტენაძემ.
„მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმს, მისი გამოყენებით მხარეებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ხელით მიიღონ ორმხრივად სასარგებლო და მათ ინტერესზე მორგებული გადაწყვეტილებები“, განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.