ეკონომიკა
29/10/2020

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და პურის მცხობელთა ასოციაციის განცხადება

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ და „პურის მცხობელთა ასოციაცია’’ განცხადებას ავრცელებს: 

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის და ჩვენი წევრების წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან.  

გადაცემა  „ნოდარ მელაძის შაბათის“ არაობიექტური და ტენდენციური ჟურნალისტების გუნდის მიერ მომზადებული სიუჟეტი არ შეესაბამება სინამდვილეს და ვერც იქნება სინამდვილე რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს და  ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, მაყურებლის შეცდომაში შეყვანას.

 კერძოდ :

1.თითქოს კომპანია „ბევრილი ჯგუფი“ არის მონოპოლისტი ხორბლის ბაზარზე და იგი კარნახობს ხორბლის ფასს ბაზარს.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში საქართველოში  ხორბლის იმპორტი არის გამჭვირვალე და თავისუფალი როგორც ეკონომიკური აგენტების მრავალფეროვნების, ასევე თავისუფალი ფასების მხრივ. უნდა აღინიშნოს, ბოლო წლებში იმპორტი განახორციელა და აგრძელებს აღნიშნულ ქმედებას   115-ზე მეტი  ეკონომიკური აგენტი. წლების მიხედვით იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა მზარდია. ბაზარზე არ ფიქსირდება არა მარტო მონოპოლისტი, არამედ დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტიც კი. ამასთან, ,კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ მიერ  ბოლო წლებში შემცირდა ხორბლის იმპორტის მოცულობა, რასაც მოწმობს კონკურენციის სააგენტოს 2020 წელს გამოქვეყნებული  ხორბლის ფქვილის და პურის ბაზრების მონიტორინგის შედეგები, რომელიც საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს სააგენტოს ვებ გვერდზე.

2.თითქოს კომპანია „ბევრილი ჯგუფის“ მეშვეობით ხდება მთლიანად საქართველოს ხორბლის და ფქვილის ბაზრის ხელოვნურად  რუსეთზე   100 % -იანი  დამოკიდებულება

ძალიან დიდი ფანტაზიაა საჭირო რომ დააჯერო ვინმე, თითქოს 115-მდე ეკონომიკური აგენტის ურთიერთშეთანხმებით  გამიზნულად რუსეთიდან შემოაქვს  ხორბალი. ისევე აბსურდია ამტკიცო ის, რომ    თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ეგვიპტე  და სხვა   100-ზე მეტი ქვეყანა მილიონობით  ტონა  რუსულ ხორბალს ყიდულობენ იმისათვის, რომ ხელოვნურად  რუსეთზე დამოკიდებულები გახდნენ.   

- პასუხი  ძალიან მარტივია, უბრალოდ  ბოლო წლებია რუსეთი   ხორბლის  მსოფლიოში პირველი ექსპორტიორია  და მათი ფასი ყველაზე კონკურენტულია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

როგორც კი ფასის მხრივ მდგომარეობა შეიცვლება ჩვენ, ისევე როგორც სხვა ჩამოთვლილი ქვეყნები  აუცილებლად გადაერთვებიან  იმ ქვეყნებზე სადაც ხორბალი უფრო იაფი იქნება, ეს არის საბაზრო პრინციპი, ბაზრები ღიაა და   გამჭვირვალე .

3.თითქოს „ბევრილი ჯგუფის’’ ქმედების გამო შექმნილია ისეთი მდგომარეობა, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს ხორბლის მოწოდებას, ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

 გვინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ , რომ რუსეთიდან ხორბლის შემოტანას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიური საფუძველი, რაც ემყარება ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ყველაზე დაბალ ფასს.  ქვეყანაში მუდმივად არსებობს ხორბლის დაახლოებით 2 თვის გარდამავალი მარაგები (როგორც ეს გაეროს რეკომენდაციაა), რომელიც ხარჯვასთან ერთად პარალელურად ივსება და ეს იმისათვის კეთდება, რომ რთულ სიტუაციაში ქვეყანა უმტკივნეულოდ გადავიდეს  ხორბლის იმპორტის სხვა მიმართულებებზე. ბოლო 10 წლეულში ეს წარმატებით განხორციელდა  რამოდენიმეჯერ (და არა მატო 2010 წელს რუსული ემბარგოს პირობებში, როგორც ეს სიუუჟეტშია ნახსენები). ბოლოს ეს მოხდა შარშან,  წლის ბოლოს, როდესაც ხორბალი შემოვიდა ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. ხორბლის სავაჭრო პარტია  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში  არასოდეს შემოსულა  აზერბაიჯანიდან  იმ უბრალო მიზეზის გამო. რომ აზერბაიჯანს თვითონ არ აქვს თავისი  სამყოფი  ხორბალი,  არ არის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყანა, არამედ არის ხორბლის იმპორტიორი და სხვათა შორის, ძირითადად რუსეთიდან   ყიდულობს მას  .  

დღეს  საქართველოში  შეუფერხებლად მიმდინარეობს არა მარტო ხორბლის, არამედ  ფქვილის შემოტანა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტრანსპორტირება ხორციელდება ყველა სახის  ტრანსპორტით, გემით, რკინიგზით და ავტოტრანსპორტით. ყველა ეს ინფორმაცია ღიაა და ჟურნალისტების დაინტერესების შემთხვევაში, ადვილი მოსაპოვებელია.

4.თითქოს „ბევრილი ჯგუფის“ მეშვეობით ხელოვნურად იზრდება ფქვილის და პურის  ფასები  მოსახლეობის ხარჯზე

გვინდა განვაცხადოთ, რომ  ბოლო წლის განმავლობაში მიუხედავად  მსოფლიო ბაზრებზე ძალზედ სერიოზული ძვრებისა და ხორბლის ფასების რეკორდული მაჩვენებლებისა (25 % ით  ხორბლის გაძვირება),  ლარის კურსის სერიოზული ცვლილებისა და პანდემიის პირობებში ლოჯისტიკური ხარჯების სერიოზული გაძვირებისა,  ფქვილი და პური საქართველოში არის  ის გამონაკლისი პროდუქტები, რომლებზეც ფასების  სტაბილურობა შენარჩუნებულია.

5.თითქოს ,,ბევრილი ჯგუფი’’  კარნახობს ბაზარს პურის ფასს

საქართველოს პურის ბაზარზე ,,ბევრილი ჯგუფის’’ კომპანიასთან  დაკავშირებით, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პური, საქართველოში წარმოებული პურის მთლიანი მოცულობის 0.1%-ს შეადგენს ამ მონაცემებით, არაობიექტური  ჟურნალისტების დიდი მცდელობის და ფანტაზიის  მიუხედავად,  კომპანიას ვერაფრით შეუძლია რაიმე გავლენა  მოახდინოს პურის ბაზარზე  და შესაბამისად  მისი გავლენა პურის ფასის ცვლილებაზე პრაქტიკულად ნულს უთანაბრდება.

 

 

 

 

Businesspartner