ეკონომიკა
08/09/2023

"საქართველოს ეკონომისტთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულე ეკონომისტს"

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა საქართველოს ეკონომისტა პროფესიოულ დღეს ულოცავს ყველა ეკონომისტს, მენეჯერსა თუ სტუდენტს.

"ძვირფასო კოლეგებო, ეკონომისტებო და ეკონომიკური პროფილის სტუდენტებო! 2023 წლის 8 სექტემბერს ქართველი ეკონომისტები „საქართველოს ეკონომისტის დღეს“ აღვნიშნავთ. გავიხსენოთ ამ დღის შემოღების მოკლე ისტორია: 1918 წელს, 105 წლის წინ, სექტემბრის მეორე პარასკევს, პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალი – „საქართველოს ეკონომისტი“ გამოვიდა, ხოლო 1999 წელს მიღებული გადაწყვეტილებით კი, ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე პარასკევს, „საქართველოს ეკონომისტის დღეს“ აღვნიშნავთ.

2018 წლიდან დაწყებული ქართველი ეკონომისტები ეკონომისტის დღეს ერთდღიან ეროვნულ კონფერენციას ვატარებთ, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ კვლევის შედეგებს და კვლევის უახლოეს ამოცანებს განვიხილავთ.

საქართველოს ეკონომისტთა ეროვნული კონფერენციებს მონაცვლეობთ ვატარებთ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. I ეროვნული კონფერენცია 2018 წელს ჩატარდა თბილისში, ევროპის უნივერსიტეტში, II ეროვნული კონფერენცია – 2019 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, III ეროვნული კონფერენცია – 2020 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, IV ეროვნული კონფერენცია – 2022 წელს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. COVID-19-ის პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ეროვნული კონფერენციის ჩატარება 2021 წელს ვერ მოხერხდა.

დღეს საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნულ კონფერენციას ვატარებთ თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. კონფერენციის თემაა „საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“. თემის აქტუალურობას განაპირობებს ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც მსოფლიო 2022 წლის 24 თებერვლიდან იმყოფება, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ხოლო ამის საპირწონედ დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

რუსეთის ომმა უკრაინაში და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა გლობალური ეკონომიკის კონფრონტაციულობა გამოიწვია. ამ ვითარებაში ყველა ქვეყნის წინაშე დგება ამოცანა, განსაზღვროს გლობალურ ეკონომიკაში მისთვის ყველაზე უფრო მისაღები ადგილი.

გლობალური ეკონომიკის კონფრონტაციულობა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც ეკონომიკურ მეცნიერებას, ისე საქართველოს ეკონომიკური განვითარებას. ამ პრობლემების კვლევა კი ქართველი ეკონომისტებისთვის უშუალო ინტერესების სფეროს განეკუთვნება.

საქართველოს ეკონომისტთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულე ეკონომისტს, მეცნიერს და საჯარო მოხელეს, ეკონომიკური პროფილის სამივე საფეხურის სტუდენტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავისი ახალი მეცნიერული შედეგებით ჩვენი სამშობლოს, მისი განვითარების სამსახურში წარმატებით ჩადგებიან,"-წერს აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა სოციალურ ქსელში.



Businesspartner