საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა - საქსტატი
2022 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 71 754.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 19.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან
შედარებით 10.1 პროცენტი შეადგინა.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 8.6 პროცენტით განისაზღვრა.
„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.2 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.9 პროცენტი), მშენებლობა (8.0 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (7.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.9 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობები (4.7 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-5.7 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-2.4 პროცენტი),“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.