ეკონომიკა
23/06/2023

"საქართველოს და ყაზახეთს ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ"

საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

„მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.