საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის წინასწარი შედეგები თბილისის ეკონომიკური განვითარების ფორუმზე გაასაჯაროვა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ თბილისის მერიის რიგით მე-13 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე BAG ინდექსის 2023 წლის, მე-2 კვარტლის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა.
ამჯერად, კვლევა მოიცავს სამ კომპონენტს ბიზნეს კლიმატს, დასაქმების ბარომეტრსა და ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. ასევე, უმეტესად დადებითი მოლოდინი გამოვლინდა დასაქმების მიმართულებით, სადაც კომპანიების უმეტესობა გეგმავს კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას.
BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ბიზნესის საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, სადაც ტრადიციულად დასახელდა სპეციალისტების ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები.
„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორუმები საუკეთესო პლატფორმაა, როგორც ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ასევე, პირდაპირი კომუნიკაციისა და მოსაზრებებისა და იდეების გენერაციის თვალსაზრისით. სწორედ, ამ ფორუმზე მოხდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის მე-2 კვარტლის წინასწარი შედეგების პრეზენტირება, რაც უახლოეს მომავალში მიეწოდება მედიასა და ფართო საზოგადოებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.