ეკონომიკა
16/01/2023

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. ირაკლი ქარქაშაძეს მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი, მათ შორის ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავაიაციო მენეჯმენტში. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი, სადისერტაციო ნაშრომი - „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია“; ასევე - პარიზის SKHEMA ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მაგისტრი. ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ირაკლი ქარქაშაძეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორად დანიშვნამდე, ქუთაისის მერის მოადგილის პოზიცია ეკავა, სადაც მის საკურატორო სფეროებში სხვა მიმართულებებთან ერთად ტურიზმი და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები შედიოდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალი დირექტორი კომპანიის თანამშრომლებს პირადად გააცნო.

„საქართველოს აეროპორტებს ახალი შესაძლებლობები სჭირდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ხიდი ქართულ საავიაციო ინდუსტრიასა და გლობალურ ბაზრებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია. ეს პროცესი იქნება თანმიმდევრული, სისტემური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მომიჯნავე უწყებების ჩართულობით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ავიაციის ინდუსტრია საქართველოში და ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. ჩემი მთავარი მოტივაცია იქნება, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია მოვიზიდოთ, რადგან მეტი პირდაპირი რეისი და ფრენა ნიშნავს მეტ ტურისტს, რაც ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.