საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის ADB-დან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო
აზიის განვითარების ბანკი (ABD) საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს, - „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.
პროგრამის ფარგლებში, რესურსი ბიუჯეტში მიიმართება.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. იგი მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებას, აგრეთვე ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.
რეფორმები ფოკუსირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე, ესენია: COVID-19-ით გამოწველი კრიზისის შედეგად გაზრდილი ფისკალური რისკების მართვის გაძლიერება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ფისკალური მდგრადობის განმტკიცება.
აღსანიშნავია, რომ ADB-სთან ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.