ეკონომიკა
29/07/2022
საქართველომ გზების კონტრაქტორებს საერთაშორისო არბიტრაჟში ₾187 მლნ-იანი დავა მოუგო
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებს, რომლებმაც მილიონობით ლარის ანაზღაურების მიუხედავად პროექტები არ განახორციელეს, არბიტრაჟშ დავა მოუგო, შედეგად, მათ სახელმწიფოს წინაშე 187 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო.
სამინისტროს ინფორმაციით, დავები წარმოებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყო სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში.
მათივე განმარტებით, დავები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ჩართულობით, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობდა.
"ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობაც, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წელს დასრულდება.
რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთს, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
2018-2022 წლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით ამოღებული თანხების ჯამური ოდენობა დაახლოებით 311 მილიონ ლარს შეადგენს,"-აცხადებენ სამინისტროში.