ეკონომიკა
19/05/2023

საქართველოდან საქონლის ექსპორტი 23.6%-ით გაიზარდა - უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია

2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 962.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 50.3 პროცენტს შეადგენს.აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 986.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა,- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (178.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (147.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (122.2 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 253.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 84.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 78.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი).