საქართველო-უკრაინას შორის ფიდერული გემის დანიშვნა იგეგმება
საქართველო-უკრაინას შორის ფიდერული გემის დანიშვნა იგეგმება, რამაც შავ ზღვაზე ტვირთის გადაზიდვა მეტად მოქნილი უნდა გახადოს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საკითხი საქართველოში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ვიზიტისას უკვე განიხილეს.
„უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ფიდერული გემის გარდა უკრაინა ფლობს 2 საბორნე გემს, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ასევე საინტერესო იყოს, გვაქვს მოლაპარაკებები ამ მარშრუტის განვითარებაზე, შავ ზღვაზე კავშირების გაუმჯობესების მიზნით,“ - აცხადებს გურამ გურამიშვილი.
უკრაინასთან საზღვაო მიმოსვლის გააქტიურებით საქართველო და შუა დერეფნის ქვეყნები აზიის ევროპასთან დაკავშირებისთვის ახალ ალტერნატიული მარშრუტების შექმნას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის იგეგმება ახალი ლიანდაგის გაყვანა, ისეთივე სიგანის, როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყნებშია, ეს სარკინიგზო ხაზი უკრაინას პოლონეთის ქალაქ სლავკოვთან, კერძოდ, მის ტერმინალთან დააკავშირებს.
„სლავკოვის ტერმინალი შეგვიძლია გამოვიყენოთ საბოლოოდ, ჩინური და ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის და ისევე როგორც კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზეც მობილური გავხადოთ ეს კავშირი. ტექნიკური მხარის გამარტივებით და ტარიფებით შევძლებთ კონკურენცია გავუწიოთ სამხრეთის და ჩრდილოეთის მარშრუტებს. რა თქმა უნდა ვერ ჩავანაცვლებთ, რადგანაც შუა დერეფანთან შედარებით, ეს მარშრუტები უფრო მარტივია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვან კონკურენციას გავუწევთ“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
მან ჩინური ტვირთებისთვის კასპიის ზღვაზე ფიდერული გემის დანიშვნის მაგალითიც გაიხსენა. მინისტრის მოადგილის თქმით, ჩინეთი მზად იყო ტვირთის სუბსიდირებისთვის, თუ საკონტეინერო ტვირთი ერთი საბუთით ჩავიდოდა დანიშნულების ადგილას, ეს იმ დროს, როდესაც შუა დერეფანში საზღვაო გადაზიდვაც იყო აუცილებელი, რაც დამატებით საბუთებს მოითხოვდა.
„ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის ორგანოებთან, ჩვენს კოლეგებთან თურქმენეთსა და აზერბაიჯანში და მივაღწიეთ თანხმობას, რომ კონტეინერისთვის საბუთის გამოცვლა აღარ იქნებოდა საჭირო. სატრანსპორტო საშუალების შეცვალაზე მხოლოდ ხელით გაკეთდებოდა ჩასწორება და დამოწმდებოდა ვალიდურობა. ფიდერული გემის დანიშვნის შემდეგ, ვაგონიდან გემზე ხდება ტვირთის გადაცლა, კასპიის ზღვის გადმოლახვისა და ბაქოში მოსვლის შემდეგ, ისევ ვაგონში ჩატვირთვა და გზის გაგრძელება. ამან გამოიწვია კასპიის ზღვაზე მობილობის გაზრდა, უფრო მეტიც, არც ერთი კაპიკით არც ერთ მხარეს არ დაუსუბსიდირებია. მიუხედავად იმის, რომ სასტარტო პროექტი კასპიის ზღვაზე ერთი გემის მოძრაობას ითვალისწინებდა, დღეს სამი გემი მუშაობს და სამივე დატვირთულია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გავხადოთ ჩვენი კორიდორი მიმზიდველი საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა გურამიშვილმა.