საქართველო საუდის არაბეთის სამეფოსთან ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნას განიხილავს
საქართველო და საუდის არაბეთის სამეფო ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნას განიხილავს.
დეტალებზე ირაკლი ღარიბაშვილმა და საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრმა ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმა გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სასიხარულოა, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
როგორც პრემიერი ადმინისტრაციის გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საუდის არაბეთის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში ბანდარ აბდულმოჰსენ ალ-ხამისი, აღმასრულებელი ოფისის გენერალური დირექტორი ზაიდ მუჰამედ ალ-ზაიდი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამერ ომარ ამერი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.