"საქართველო პირველ ადგილზეა 120 ქვეყანას შორის სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიმართულებით"
2021 წლის „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ (IBP) და ღია ბიუჯეტის (OBS) კვლევის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა 120 ქვეყანას შორის სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე განაცხადა, სადაც გამოვიდა სიტყვით, თემაზე „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე“.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები გააჩნია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით საქართველო მესამე ადგილზეა ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის და ჯამური საგადასახადო განაკვეთი 9.9%-ა. ასევე მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, 2020 წლის კვლევით, საქართველო მე-7 ადგილზეა გლობალურად. ჩვენ ასევე ვთავაზობთ არსებითად მიმზიდველ შეთავაზებებს ინვესტორებს, რადგან ისეთი საგადასახადო მოდელი შევქმენით, რომლითაც გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.