ეკონომიკა
26/04/2022

"საქართველო მზადაა ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირებისთვის"

საქართველო და ყაზახეთი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს, - დეტალებზე იმსჯელეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ყაზახეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვმა.

მხარეები თანხმდებიან რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ტენდენციები მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად არის მზად, განახორციელოს ყაზახური და ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებს ტვირთების ტრანსპორტირება ევროპაში.

ყაზახურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოზე გამავალ დერეფანში. აღინიშნა, რომ უკვე 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ მაჩვენებლის უფრო მეტად ზრდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიზიდონ და გრძელვადიან პერსპექტივით მოემსახურონ ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოსა და ყაზახეთზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებში.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.