ეკონომიკა
22/04/2022

საქართველო MCC-ისთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC) ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ ცნობილი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში MCC-ის ვიცე-პრეზიდენტთან ალისია ფილიპს მანდავილთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

უკვე ცნობილია, რომ პროგრამა ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას გულისხმობს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ჩართულობა განათლების რეფორმის მიმართულებით, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ MCC-ის 140 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტი, გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოს განათლების სექტორში.

ქართულმა მხარემ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ახლახან, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის 400 მლნ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.