ეკონომიკა
27/07/2023

"საქართველო ლიდერია რეგიონში მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით"

„აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ეკონომიკის სწრაფ პოსტპანდემიურ აღდგენას და გლობალური გამოწვევებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ანგარიში, მათ შორის, ეყრდობა ბლუმბერგის 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალურ კვლევას, რომლის თანახმადაც საქართველო მე-13-ეა მის მიმართ უცხოური კომპანიების საინვესტიციო დაინტერესების თვალსაზრისით.

„ბლუმბერგის კვლევის თანახმად, დაინტერესებული ინვესტორების 70 პროცენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ეკონომიკის მიმართ მაშინ, როდესაც ანალოგიური გლობალური მაჩვენებელი 55 პროცენტია. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონში მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული რეფორმებით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკური მდგრადობაზე, გატარებული რეფორმებზე, აგრეთვე პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკასა და მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში. ამასთან, საქართველო აღიარებულია, როგორც რეგიონალური სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები კომპანიებს უადვილებს წვდომას უცხოურ ბაზრებზე.