ეკონომიკა
28/11/2022

საქართველო-კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობა-დაცვის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების III რაუნდი იწყება

28-30 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სამუშაო ვიზიტით კორეის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვა კორეასთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის დაცვას და სტიმულს მისცემს კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში და პირიქით.

მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში 2019 წლის დეკემბერში, ხოლო პირველი ოფიციალური რაუნდი 2021 წლის 24-25 ივნისს გაიმართა.

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.