საქართველო ბიზნეს გარემოს გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით მომსახურებით ვაჭრობის რეგულირების ინიციატივას უერთდება
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მე-12 მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო პრესკონფერენციაში, რომელიც მომსახურების სფეროში შიდა რეგულირების საკითხებს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ შარშან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 67-მა წევრმა ქვეყანამ მომსახურების შიდა რეგულირების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად მიიღო დეკლარაცია, რომელიც მიზნად ისახავს უცხოურ ბაზარზე ბიზნესის კეთების სერვისის მომწოდებლების ავტორიზაციის პროცედურების გამჭვირვალობის, პროგნოზირებადობისა და ეფექტურობის გაზრდას. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ამჟამად ჩართულები არიან ამ დეკლარაციაში, გლობალური სერვისებით ვაჭრობის 90%-ს წარმოადგენენ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო ბიზნეს გარემოს გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების მომსახურებით ვაჭრობის რეგულირების ინიციატივას უერთდება. მისი თქმით, დოკუმენტში გათვალისწინებული მოთხოვნები საქართველოს შიდა სერვისების მარეგულირებელ პრაქტიკაში დანერგილ წესებსა და პროცედურებს მეტწილად შეესაბამება, ხოლო გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა, ისევე როგორც მომსახურების მიმწოდებლებისთვის ბიუროკრატიული საზღვრების მაქსიმალური მოხსნა არის საქართველოს ერთიანი ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიდგომაა.
გენადი არველაძის განცხადებით, სერვისებით ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული ათწლეულის განმავლობაში და, როგორც ვარაუდობენ, ახლა ის მთლიანი ვაჭრობის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. მისი თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ სავაჭრო მომსახურების ხარჯები დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე საქონლით ვაჭრობის ხარჯები.
თავის მოხსენებაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის და ქართული ბიზნესისთვის აღნიშნულ დეკლარაციაზე მიერთების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ სარგებლის შესახებ, რასაც მომსახურების სექტორში დასაქმებული ბიზნესი მიიღებს დეკლარაციაში მოცემული წესების განხორციელების შემდგომ.
„საქართველომ შექმნა სხვადასხვა ელექტრონული პორტალი, როგორიცაა საკანონმდებლო მაცნე და საპარლამენტო ვებ პორტალი, ასევე DCFTA-სთან დაკავშირებული ვებგვერდი, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებულ იურიდიულ დოკუმენტს, მათ შორის ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც ჯერ არ დამტკიცებულა და შემუშავების პროცესშია. ამასთან, დაინტერესებულ მხარეებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ შესაბამისი კანონებისა თუ რეგულაციების შემუშავებაში და მოგვაწოდონ კომენტარები,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილემ მოუწოდა სხვა ქვეყნებს, მიუერთდნენ დეკლარაციას, რადგან ის მოუტანს მათ უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებად შიდა მარეგულირებელ პრაქტიკას და, ასევე, შეამსუბუქებს ტვირთს ბიზნეს ოპერატორებისთვის, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გაამარტივებს ავტორიზაციის პროცედურებს, დაეხმარება სერვისის მიმწოდებლებს მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებაში.