"საჯარო შესყიდვების კანონმდებლობაში, ბიზნესსუბიექტების ე.წ. შავ სიაში შეყვანის მიდგომები იცვლება"
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
საჯარო შესყიდვების კანონმდებლობაში უამრავი ახალი პროცედურა და ინსტრუმენტი შემოდის. მაგალითად, სრულიად ახალია დინამიური შესყიდვების სისტემა,ინოვაციური პარტნიორობა, მოლაპარაკების პროცედურა წინასწარი გამოქვეყნების გარეშე, ჩარჩო შეთანხმება, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ნანობაშვილმა ბიზნესპარტნიორის პოდკასტში, „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, რაც შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის შესყიდვის პროცედურების გამარტივებას გულისხმობს.
„ახალი კანონპროექტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანზიაციის ხელმძღვანელი, როგორც პირველი პირი ამა თუ იმ დაწესებულების, თავად გადაწყვეტს - თუ ექნება სურვილი ისევ იმ პროცედურებით განახორციელოს 100 000 ლარამდე (ეს მონეტრარული ზღვარი ეხება მხოლოდ საქონელს და მომსახურებას) რუტინული/ტრივიალური შესყიდვა, ან ახალი მეთოდით, რაც გულისხმობს, რომ შემსყიდველ ორგანზიაციაში კონკრეტული პირი იქნება პასუხისმგებელი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე, გამოქვეყნება, ჩაბარებაზე და ა.შ. გადაწყვეტილების მიმღები პირის, პირველი პირისა და კონკრეტული ჩინოვნიკის სინქრონში მოქმედება მაქსიმალურად შეამცირებს ვადებს. 2029 წლიდან კი ამ ყველაფერს სერთიფიცირებული მოხელე გააკეთებს,“ - აცხადებს ზაზა ნანობაშვილი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, იცვლება ბიზნესსუბიექტების ე.წ. შავ სიაში შეყვანის მიდგომები და ვადებიც.
„ბიზნეს სუბიექტები გამოთქვამდნენ სამართლიან პრეტენზიას, რომ არსებული რეგულაციები ერთნაირად სჯიდა იმ პირს, რომელმაც მაგალითად, რაღაც დააკლო კონკრეტულ კონტრაქტს, ვეღარ შეასრულა ამა თუ იმ მიზეზის გამო ნაკისრი ვალდბულება და შესაბამისად ხვდებოდა ე.წ. შავ სიაში და იმ პირსაც, რომელიც შეგნებულად მიდიოდა დარღვევაზე. მაგალითისთვის, აყალბებდა სერთიფიკატს და ჩადიოდა არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
ახალი კანონი კი ამ ორ შემთვხვის დიფერენცირებას ახდენს. პირველ შემთხვევაში პირი მოხვდება "შავ სიაში" 1 წლის ვადით, ხოლო მეორე - არაკეთილსინდისიერი დამრღვევი პირი კი 2 წლის ვადით. ხოლო, ის პირი, ვინც ეკონომიკური ბლოკის დანაშაულების ჩადენაში იქნება მხილებული, "შავ სიაში" მოხვდება 3 წლის ვადით.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1 წლით "შავ სიაში" მოხვედრილ პირებს აღნიშნული სიის ვადაზე ადრე დატოვების შესაძლებლობაც ექნებათ. ამას კი ისინი იმ პრობლემების აღმოფხვრის შემთხვევაში შეძლებენ, რამაც მათი "შავ სიაში" მოხვედრა განაპირობა.“- განმარტავს ზაზა ნანობაშვილი.