ეკონომიკა
08/02/2022

საგარეო ვალის გასტუმრებამ რეზერვები შეამცირა

სავალუტო რეზერვები ისევ შემცირდა, $100 მლნ-ზე მეტით.

სებ-ის ინფორმაციით, იანვარში რეზერვების შემცირებას სავალუტო სვოპის მოცულობის კლებით ხსნის, თუმცა კლება ძირითადად მთავრობის სავალუტო ხარჯებს უკავშირდება - საგარეო ვალის პროცენტი გაისტუმრა. ამასთან სებ-ი ბანკების უცხოური ვალუტის დეპოზიტების შემცირებაზეც აღნიშნავს (დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება იანვრის თვის მიმოხილვაში).

სარეზერვო აქტივები 4.078 მლრდ აშშ დოლარამდეა შემცირებული (01.01.2022 – $4.272 მლნ).

დეკემბრისგან განსხვავებით, იანვარში დონორების ჩარიცხვები არ აღინიშნება. მთავრობა პირველ კვარტალში დიდ ინექციასაც არ ელის, სულ 30 მლნ ევროს ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი ჩაირიცხება.

„საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის“ ფარგლებში, სადაც სებ-იც მონაწილეობს ცალკე კომპონენტით (დამფინანსებელი IBRD - რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი) პირველ  კვარტალში  472 000 ევრო ჩაირიცხება (ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ  სებ-ის კომპონენტის წილის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ცდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს," - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

პროექტს ახორციელებს „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც დეკემბერში 90 149 ლარი აითვისა.

დეკემბერში $ 400 მლნ-მდე ჩაირიცხა. დონორებისგან (სესხები: ADB, AIIB, AFD, CEB, WB, IFAD;  გრანტები: EU, KfW, E5P, EPTATF) 380 მლნ აშშ დოლარამდე ჩაირიცხა; ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი 326 მლნ აშშ დოლარის ($) სესხი, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი $ 39 მლნ;  საინვესტიციო სესხი $10.8 მლნ და 3.8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო გრანტი.

 

Businesspartner