ეკონომიკა
20/09/2021

საგარეო ვაჭრობა რეკორდულ მაჩვენებელზეა და $8.683 მლრდ-ს აღწევს

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ბრუნვა წლიურ 22.3%-იან ზრდას აჩვენებს და 8.683 მლრდ დოლარს აღწევს. ეს იანვარ-აგვისტოს პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია.

მთლიანი ექსპორტი 2.61 მლრდ დოლარია, მაჩვენებელი 26%-ით არის გაზრდილი, იმპორტი 6.072 მლრდ დოლარია, წლიურად 20.7%-ით მეტი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში, 3.461 მლრდ დოლარი შეადგინა, სავაჭრო ბრუნვის 39.9%.

უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: ჩინეთი (421.8 მლნ დოლარი), რუსეთი (377.1 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (347 მლნ დოლარი).

უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებში პირველ ადგილზე თურქეთია (1.075 მლრდ დოლარი), რუსეთი (634.8 მლნ დოლარი) და ჩინეთი (519.5 მლნ დოლარი).

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.286 მლრდ დოლარი), რუსეთი (1.011 მლრდ დოლარი) და ჩინეთი (941.3 მლნ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში სპილენძის მადნები და კონცენტრატები 517.9 მლნ დოლარით ლიდერობს, ეს მთელი ექსპორტის 19.8%-ია. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ დოლარით (11.2%), მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ დოლარით (10.2%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფია მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ დოლარი და მთელი იმპორტის 9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ დოლარით (იმპორტის 8.1%), მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%).