ეკონომიკა
19/11/2020

საგარეო ვაჭრობა იანვარ-ოქტომბერში 15%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9,159 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ შედარებით 15%-ით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 11,1%-ით 2,715 მლრდ დოლარამდე შემცირდა, იმპორტი 16,5%-ით 6,444 მლრდ დოლარამდე. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში, 3,728 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (418.9 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (364.6 მლნ დოლარი) და რუსეთი (351.2 მლნ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 131.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (709.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (572.9 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 287.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 061.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (991.8 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 618.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 335.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 198.3 მლნ. აშშ დოლარით (7.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 623.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 412.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.