საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $7 მლრდ-ს მიაღწია - ვისთან ვაჭრობს საქართველო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $6 933.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 37.4%-ით აღემატება.
აქედან ექსპორტი $2 112.1 მლნ, ხოლო იმპორტი $4 821.5 მლნ აშშ დოლარს იყო. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-მაისში, $2 709.4 მლნ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1%-ია.
საქართველოს მთლიან იმპორტსა და ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.7%-ია, დსთ-ის ქვეყნების 37.7%, ხოლო დანარჩენი ქვეყნების წილი 45.7%-ია.
2022 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი - $362.8 მლნ, აზერბაიჯანი - $224.1 მლნ და რუსეთი - $210.3 მლნ.
რაც შეეხება უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს, 2022 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.1% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი - $830.0 მლნ, რუსეთი - $553.9 მლნ და ჩინეთი - $420.3 მლნ.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6% იყო. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი - $1 024.7 მლნ, ჩინეთი $783.1 მლნ და რუსეთი $764.2 მლნ.