საგარეჯოს თიზ-ის ამოქმედება ერთი წლით, 2024 წლის სექტემბრამდე გადაიდო
საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადები გახანგრძლივდა. 2023 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბერი.
მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს თიზ-ის შესახებ მთავრობის დადგენილება 2022 წლის ოქტომბერში გამოიცა.
2023 წლის 27 ივნისის დადგენილების თანახმად, ზონის ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.
ზონა სოფელ ბოგდანოვკაში მოეწყობა, და 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსდება.
ადმინისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებს შპს „ასი გრუპ ჯორჯია.“
მმართველი კომპანია ვალდებულია, საგარეჯოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში მოაწყოს საბაჟო გამშვები პუნქტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით: საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება, სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება, საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფა და სხვა.
„ასი გრუპ ჯორჯია“ 2021 წლის ივლისშია რეგისტრირებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ოსამა ალ შანტია (იორდანია).
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის სპეციალური ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახე, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს საგადასახადო შეღავათები და დამატებითი პირობები. სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნა მიზნად ისახავს ინვესტიციების გაზრდას ბიზნესისთვის მაქსიმალურად მისაღები ეკონომიკური გარემოს შექმნის გზით. საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა 2008 წლიდან დაიწყო. შეიქმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ქუთაისში, ფოთში, თბილისში.