ეკონომიკა
30/12/2021

საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდა

საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდა.

სებ-ის ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

2021 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 35.5%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.2%-დან -7.2%-მდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 29.7%-ით გაიზარდა და $1 მლრდ (3.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.1%-ით, ხოლო იმპორტი 25.8%-ით გაიზარდა.

მეორე კვარტალში ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი. ეს დადებითი ტენდენცია მესამე კვარტალშიც გაგრძელდა და აღნიშნული მაჩვენებელი 566.0 მლნ აშშ დოლარს (1.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ნახევარს შეადგენს.

2021 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -351.5 მლნ აშშ დოლარი (-1.1 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 23.6 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 53.0 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 23%-ით გაიზარდა და 2021 წლის მესამე კვარტალში $608.3 მლნ-ს (1.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 25.1%-ით გაიზარდა $562.7 მლნ-მდე (1.8 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 22.2%-ით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში $216.8 მლნ (676.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.2%-ია.