ეკონომიკა
10/06/2021

საფრანგეთის ელჩი: საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც ვპირდებით დახმარებას

საფრანგეთი საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც პირდება დახმარებას. ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა.

დიეგო კოლასის თქმით, ჯამში, მიზანია, რომ საქართველოში პროდასავლური გარემო გაძლიერდეს, ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები შემუშავდეს, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა განმტკიცდეს.

“2020 წელს, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს დაპირდნენ, რომ კოვიდის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნენ. იმ დღიდან 190 მლნ ევრო გამოვყავით დახმარების სახით. პოსტპანდემიურ პერიოდშიც გპირდებით დახმარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, ინვესტიცია განვახორციელოთ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში. ზუსტად ამიტომ არის ეს მემორანდუმი. 3 წლის განმავლობაში ეს არის ამბიციური პროგრამა. წელიწადში 150 მილიონი ევრო იქნება, 3 წლის განმავლობაში, თანასწორ ნაწილებად, ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ევროს ოდენობით, ამ თანხის ზემოდან. მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს.

ერთ-ერთ პროექტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც თბილისში ხორციელდება. ძალიან საინტერესო პროექტია, არა მარტო მწვანე კონცეფციის და ტრანსპორტის სფეროში, არამედ ინკლუზიური პროექტები ხორციელდება საბინაო მეურნეობებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

მან სხვადასხვა პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით.

“რამდენიმე თვის წინ თბილისს მიენიჭა “წიგნის დედაქალაქის“ სტატუსი და ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი განხორციელდება მომავალში. სხვა მაგალითებიც გვაქვს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხორციელდება, სოფლის მეურნეობის სფეროში, წყლის რესურსების მართვის, ირიგაციის სფეროში. 

არა მარტო ახალი აპარატურა, ახალი მანქანა-დანადგარები, ახალი დინამიური განვითარება, არამედ ადგილობრივი დემოკრატიის წეს-ჩვეულებების განვითარებაც მოხდება, განმტკიცდება და ეს ყველაფერი მოიტანს წარმატებას. იქნება სხვა პროგრამები სოციალური კოდექსის განვითარებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.