ეკონომიკა
31/07/2023

"საერთაშორისო დაბეგვრის პრობლემის ნაწილში, წელიწადში საშუალოდ, 10-მდე საკითხია განსახილველი"

საერთაშორისო დაბეგვრის საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის აპარატში წელიწადში ათამდე ინვესტორის საქმე შედის განსახილველად. როგორც ბიზნესომბუდმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე აცხადებს, ომბუდსმენის აპარატს ამ კუთხით ძირითადად შემოსავლების სამსახურთან  შუამდგომლობისთვის მიმართავენ.

„საკანონმდებლო ბუნდოვანება როდესაც არის, აუცილებელია პროფესიული დიალოგი. ჩვენთან შემოდის საერთაშორისო დაბეგვრის საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, დეტალებს  ვერ გავმჟღავნებ, რადგან არის კონფიდენციალური, საკმაოდ მსხვილი თემები, თუმცა მინდა ვთქვა, რომ  იქ სადაც არის ბიზნესის  კანონიერი ინტერესი, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ კარგად ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან და ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება.

მე ვერ ვიტყვი რომ საერთაშორისო დაბეგვრის პრობლემის ნაწილში, მომართვიანობა ძალიან მაღალია, მაგრამ სტატისტიკურად წელიწადში საშუალოდ  ათამდე ასეთი საკითხია განსახილველი.“-აღნიშნა ნინო კვეტენაძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ბიზნესომბუდსმენის მოადგილე აღნიშნავს, თემები ძირიტადად ერთგვაროვანია და აპარატს  საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილის გარდა, კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარების კუთხით და საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით მიმართავენ.

ცნობისთვის, საქართველოში საერთაშორისო კომპანიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა არაერთი საკითხი, რაც ამ კომპანიების დაბეგვრის სისტემებს  უკავშირდება. პრობლემა ძირითადად ინვესტორებსა და მათ შვილობილ კომპანიებს უკავშირდებათ. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, როდესაც ინვესტორი შვილობილ კომპანიას აძლევს თანხას სესხად, არის გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აღიქვამს საგადასახადო უწყება, ამ ტრანზაქციას. ბიზნესი ამბობს, რომ საქართველოში საერთაშორისო დაბეგვრის დღეს არსებული სისტემა ბუნდოვანია და პრაქტიკული გამოცდილება შედარებით ნაკლებია.