ეკონომიკა
27/09/2020

"საჭიროზე მეტი რესურსი გვაქვს ეკონომიკის სწრაფად აღსადგენად, რაც გავლენას იქონიებს ლარზე"

პრემიერი ირწმუნება, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად, რაც სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზეც.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია. "ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. გათვითცნობიერებული გვაქვს, მეორე - რა თქმა უნდა დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია საქართველო ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებში ვართ," - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში, როდესაც ვირუსის პირველი ტალღა იყო, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს.

„ბევრი რამ არის ემოციებზე და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner