საარსებო მინიმუმი იანვარში 9-თვიან მაქსიმუმზეა
პანდემიურ წელს კლების შემდეგ, 2021 წელი საარსებო მინიმუმის ზრდით დაიწყო. იანვარში მაჩვენებელი 195.6 ლარია, რაც 9 თვიანი მაქსიმუმია.
საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 2,6 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 3.1 ლარით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ საქსტატმა იანვრიდან საარსებო მინიმუმის დათვლა ახალი სტატიკური სამუშაოთა პროგრამის მიხედვით დაიწყო, შესაბამისად, განუცხადეს, პროგრამის მიხედვით გამოქვეყნდება მხოლოდ 2 მაჩვენებელი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და მაჩვენებელი დეტალურად აღარ იქნება ჩაშლილი ოჯახის სულადობის მიხედვით.
უნდა ითქვას, რომ ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება სოციალური პაკეტების გადახედვას არ ითვალისწინებს. ეკონომისტების ნაწილი განმარტავს, რომ ამ სტატისტიკის წარმოებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუკი მთავრობა სოციალურ, საპენსიო და სხვა სახის ფინანსურ დახმარებებს ამ მონაცემის მიხედვით შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის გამოთვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და მას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყანა ითვლის. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების ან მისი საერთოდ გაუქმების შესახებ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა.