ეკონომიკა
07/09/2023

"საარბიტრაჟო რეფორმის მიმართულებები ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში იქნება"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

ქვეყნის განვითარებასთან და ეკონომიკური პროცესების განვითარებასთან ერთად, სამომხმარებლოს არბიტრაჟს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვა ტიპის ურთიერთობებშიც, არასტანდარტულ ბიზნეს დავებშიც, იყოს გამოსადეგი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში "გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში", რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდამჭერით ხორციელდება, საქართველოს არბიტრთა ასოციაცის საბჭოს თავმჯდომარემ ჯაბა გველებიანმა განაცხადა. მას აღნიშნულ საკითხზე, ასევე ზოგადად, სამომხმარებლოს არბიტრაჟის გავითარებასა და  საქართველოს არბიტრთა ასოციაცის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ესაუბრა.

„არბიტრაჟის პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების შესახებ კვლევა, რომელზეც "საქართველოს არბიტრაჟთა ასოციაციამ" იმუშავა, მიეძღვნა საქართველოში არბიტრაჟის პრაქტიკის ხარისხობრივ ანალიზს, სწორედ სამომხმარებლო არბიტრაჟზე აქცენტით. კვლევის მიზანი იყო საჭიროებების გამოვლენა, პრობლემების იდენტიფიცირება და საერთო სურათის შექმნა ფართო სტეიქჰოლდერების მონაწილეობით. როგორც უკვე აღვნიშნე, კვლევისას მთავარი აქცენტი სამომხმარებლო არბიტრაჟზე გავაკეთეთ, თუ რა პრაქტიკაა დღეს საქართველოში. სამომხმარებლო არბიტრაჟი, ეს არის ისეთი არბიტრაჟი, სადაც, ერთი მხარეა ბიზნესი, მეწარმე და მეორე მხარეა - ფიზიკური პირი, მომხმარებელი. სამომხმარებლოს არბიტრაჟი შეიძლება იყოს ფინანსური-სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ნებისმიერი სამომხმარებლო ურთიერთობიდან გამომდინარე. საქართველოში, დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, მიმდინარე საარბიტრაჟო დავების აბსოლუტური უმრავლესობა - 90%-ზე მეტი, არის ზუსტად სამომხმარებლო არბიტრაჟი“, - აღნიშნა საქართველოს არბიტრთა ასოციაცის საბჭოს თავმჯდომარემ ჯაბა გველებიანმა.

მისივე ინფორმაცით, ამავე კვლევამ აღმოაჩინა, განსაზღვრა და წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც სამომხმარებლო არბიტრაჟის კუთხით არსებობს და საჭიროებს საკანონმდებლო რეფორმას.

„შესწავლილი იქნა ამ საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები, რომ ჩვენ დღეს გვცოდნოდა, თუ რა საჭიროებაა არბიტრაჟის გაუმჯობესების კუთხით. აღმოჩნდა, რომ დღეს სამომხმარებლო არბიტრაჟი არ არის დარეგულირებული საქართველოში -  არსებული კანონი მორგებულია ბიზნეს დავების გადაწყვეტაზე. ეს კანონი და მოდელი, რაც ჩვენი მოგონილი არ არის და წარმოადგენს გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კომისიის მიერ შემუშავებულ მოდელურ კანონს, რომელსაც მსოფლიოში ძალიან ბევრი იყენებს, შემუშავებული იქნა ბიზნეს გარემოსთვის, იქ სადაც, ორი მხარე მეტ-ნაკლებად ერთნაირი ძალაუფლების მქონეა. როდესაც მხარეთა შორის არის ძალთა უთანასწორობა, აქ უკვე უფრო ნაკლებად განვითარებული მხარე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დარეგულიერაბზე, ვგულისხმობთ შემდეგს  - დღესდღეობით, სამომხმარებლო არბიტრაჟი მიმდინარეობს იგივე საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომელიც განსაზღვრული და კარგია ბიზნეს დავებისთვის.

დარეგულირება გულისხმობს არა აკრძალვას, ან შეზღუდვას, არამედ, გათვალისწინებას იმ სპეციფიკის, რაც სამომხმარებლო დავებს აქვს და შემდგომ, ამ უთანასწორობის გასწორებას, დამატებითი საკანონმდებლო ჩარევებით. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ჩვენ უკვე მივიღეთ ქვეყანაში "მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ" კანონი და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რატომ გვაქვს რეგულირებული მეწარმესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა და რატომ არ ვრცელდება იგივე რეგულირება ორ მეწარმე სუბიექტს შორის ურთიერთობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სამოქალაქო სექტორის ვალდებულებაა, ასევე სახელმწიფოს, რომ დავფიქრდეთ ამ უთანასწორობის გასწორებაზე და შევქმნათ ისეთი სამართლებრივი გარემო, სადაც არბიტრაჟი ნამდვილად უზრუნველყოფს არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ მომხმარებლისთვისაც, რეალურად მართლმსაჯულებაზე წვდომას“, - განმარტა „ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში "გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში" ჯაბა გველებიანმა.   

მან უთანასწორობის გარდა, სხვა პრობლემებზეც ისაუბრა, რასაც მხარეები ცნობა-აღსრულების ეტაპზე აწყდებიან.

„არბიტრის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის სავალდებულო, არ საჩივრდება, მაგრამ იმისთვის, რომ წაგებულ მხარეს დაეკისროს შესრულება, ამისთვის საჭიროა ცნობა-აღსრულება. ამიტომ, პრაქტიკაში არბიტრაჟს ყოველთვის მოჰყვება ცნობა-აღსრულების ეტაპზე სასამართლო. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ კუთხით საქართველოში არის - ეხება დროის გაჭიანურებას. არბიტრაჟში საქმის წარმოება, როგორც წესი, სრულდება 6 თვეში, სასამართლოში კი 1 თვიდან 2 თვეში უნდა მოხდეს ცნობა-აღსრულება, თუმცა, ეს პროცესი ჭიანურდება  1 წელზე მეტი ხნითაც. არსებობს შემთხვევები, როდესაც 2 წელსაც კი გადასცდა ეს ვადა. აქ ვსაუბრობთ სასამართლოში ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. ამას ემატება შემდეგ სააღსრულებლო წარმოებაც. რეალურად, არბიტრაჟის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის სისწრაფე, მაგრამ სასამართლოში ამ ვადების გაჭიანურება ამ უპირატესობას უშლის ხელს. ჩვენ წლებია ვმუშაობთ სასამართლო ხელისუფლებასთან და ვაანალიზებთ, რა შეიძლება იყოს ამ ვადების გაჭიანურების მიზეზი. ერთ-ერთი რა ფაქტორიც სახელდება ხოლმე სასამართლოს მხრიდან არის ის, რომ ჩვენ როდესაც ვუყურებთ სამოურავო გადაწყვეტილება გამოტანილია სამომხმარებლო არბიტრაჟში და ვხედავთ, რომ იქ მოხდა ფიზიკური პირის უფლებების დარღვევა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ დავიცვათ ეს ფიზიკური პირი, ამიტომ, უფრო მეტი დრო დავხარჯოთ საქმის შესასწავლად, ვიდრე კანონი ამას მოითხოვს.

სამომხმარებლო არბიტრაჟის პრობლემატურობა და ის, რომ დღესდღეობით არის დაურეგულირებელი, ასევე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს გაჭიანურებას სასამართლო განხილვის დროს. ამიტომ, სამომხმარებლოს არბიტრაჟის უკეთესი რეგულირება - ეს არა მხოლოდ სამომხმარებლო არბიტრაჟის მხარეებისთვის არის კარგი, არამედ, ზოგადად, ბიზნეს არბიტრაჟის მხარეებისთვისაც“, - განაცხადა საქართველოს არბიტრთა ასოციაცის საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „არბიტრაჟის პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების შესახებ კვლევა“ მოამზადეს ძალიან გამოცდილმა ექსპერტებმა, რომლებიც წლებია უკვე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მუშაობენ არბიტრაჟის საკითხებზე.

„კვლევის ავტორების მთავარი რეკომენდაცია, თუ როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა მდგომარეობს ზუსტად მაკფიოობაში, ანუ მომხმარებლის ინფორმირებული თანხმობის აუცილებლობაში. რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნესმა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რაზე ეთანხმება. მომხმარებელს უნდა ავუხსნათ, თუ რას ეთანხმება, რომ უარს ამბობს სასამართლოში დავის განხილვაზე და თანხმდება საარბიტრაჟო განხილვას. როგორ უნდა მოხდეს ამ ინფორმირებული თანხმობის მოპოვება, რა სპეციფიკით, ზუსტად ეს არის საარბიტრაჟო რეფორმის საგანი. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე ვმუშაობთ რეფორმის კონცეფციაზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს. ზუსტად ეს რეფორმის კონცეფცია გახდება შემდგომში დეტალური წინადადებების შემუშავების საფუძველი“, - განმარტა გველებიანმა.

როგორც მან აღნიშნა საარბიტრაჟო რეფორმის მიმართულებები ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში იქნება.

„რეფორმის ნაწილი შეეხება არბიტრაჟის ხელმისაწვდომობასაც. დღეს უკვე ბევრი არჩევანის შესაძლებლობა არსებობს. არსებობენ საარბიტრაჟო დაწესებულებები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ სასამართლოსთან მიახლოებული ბაჟის ოდენობები. ასევე არის დაწესებულებები, რომლებსაც უფრო მეტი აქვთ, ანუ არჩევანის შესაძლებლობა ამ მხრივ ქვეყანაში დღეს არის. ხელმისაწვდომობას არა მარტო ბაჟის ოდენობა განაპირობებს, არამედ წვდომა განათლებულ იურისტებზეც. გაცილებით ნაკლები იურისტია, რომელსაც შეიძლება ვენდოთ, რომ არბიტრაჟში ჩვენს უფლებებს სწორად დაიცავს, ვიდრე სასამართლოში. დისბალანსი ნამდვილად არსებობს არბიტრაჟსა და სასამართლოს შორის ამ მხრივ. ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს ცოდნა, ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან აქტიურად, ამ ნაწილში ეს პრობლემა გადალახვადია. მიუხედაად ყველაფრისა, გახდება თუ არა საჭირო კონკრეტული ბაჟის ფიქსირება რეფორმის კუთხით, ნაადრევია ამაზე საუბარი. უნდა იყოს ფართო განხილვები, რომ მივიდეთ ოპტიმალურ ვარიანტამდე, რასაც შეთავაზებთ სახელმწიფოს და შემდეგ უკვე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ეს საარბიტრაჟო რეფორმა“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს არბიტრთა ასოციაცის საბჭოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, საქართველოში არსებობს "არბიტრაჟის შესახებ" კანონი, რომელიც დავის არბიტრაჟით მოგვარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. კანონი მომზადებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შემუშავებული მოდელური კანონის საფუძველზე და საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს.

Businesspartner