სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" 10 წლის განმავლობაში 60.000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა
დაარსების დღიდან, 10 წლის განმავლობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაფინანსდა 11,000 - მდე პროექტი, ხოლო ჯამურად 60,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, - ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურემა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, განსაკუთრებით აღსანიშნავია „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების ეფექტი - სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი, 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს.
სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი ექსპორტიორები უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარზე არიან წარმოდგენილნი, კომპანიებმა მოახერხეს ბაზრების და პროდუქციის დივერსიფიკაცია და ჯამური საექსპორტო ღირებულების ზრდა.
მთავარი ტენდენცია, რაც ანგარიშში გამოიკვეთა ისაა, რომ სააგენტოს ბენეფიციარებმა ხაზი გაუსვეს პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საკუთარი პროექტის განხორციელებას ან საერთოდ ვერ შეძლებდნენ, ან შეძლებდნენ რამდენიმე წლის დაგვიანებით.
ანგარიში ათასამდე ბენეფიციარის გამოკითხვის შედეგად მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით მომზადდა. გამოკითხულთა შორის იყვნენ მიკროგრანტების, ექსპორტის მიმართულების და სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარები.
ანგარიშის თანახმად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიზანია, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ქართული ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. აღნიშნულის მისაღწევად სააგენტო ახორციელებს არაერთ პროექტს, რომელიც ხელს უწყობს ფინანსების ხელმისაწვდომობას და ტექნიკური დახმარებით კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას.
პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში საშუალებას აძლევს სააგენტოს, ეფექტურად შეაფასოს თავისი როლი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით - რა კომპონენტში და რა ტიპის სერვისის მიწოდება სჭირდება კერძო სექტორს, იმისთვის, რომ ეს მიგნებები სააგენტოს პროექტებში სამომავლოდ იყოს გათვალისწინებული.
ანგარიშს ასევე დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.