"რუსეთზე ნაკლები დამოკიდებულება უდრის უკეთეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას"
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და მათ მოსალოდნელ ეფექტებზე საუბრობს.
მისი თქმით, სანქციები მუშაობს და ეს არის არნახული სიმძიმის, რაც ისტორიაში არასდროს ყოფილა, მათ შორის იმ სანქციებზე უფრო მკაცრია, რაც თავის დროზე ჩრდილოეთ კორეას და ირანს დავუწესეთ. მაგრამ მათგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკა უფრო ღია იყო და მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან და მთელ მსოფლიოსთან, ამიტომ სანქციების ეფექტი უფრო მძიმე იქნება.
"პირველადი ნიშნები უკვე ჩანს. რუბლი არამხოლოდ გაუფასურდა, არამედ მისი ტრანზაქციები შეზღუდულია. მინდა ვთქვა, რომ არსებული სანქციები არ ეხება მხოლოდ ოლიგარქებს ან მმართველ ფენას, ეს იმოქმედებს რუსეთის მთელ მოსახლეობაზე. ეფექტებს უფრო და უფრო დავინახავთ. ვნახეთ, რომ რუსეთის საფონდო ბირჟა ვერც გაიხსნა. სხვა ბირჟებს თუ გადავხედავთ რუსული კომპანიებს აქციების ღირებულება ძალიან სწრაფად, ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება."– ამბობს დავით კეშელავა.
მან ასევე ისაუბრა როგორი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და იქნება თუ არა ეს პანდემიისგან მოყენებულ ზარალზე დიდი, რომელსაც ასე თუ ისე გაუძლო საქართველომ.
"რიცხვებში რთულია ლაპარაკი, თუმცა გავლენა იმაზე მსუბუქი იქნება, ვიდრე ეს იყო პანდემიისას, რადგან მაშინ ჩვენ გავაჩერეთ ყველაფერი ქვეყანაში. აუცილებელია დივერსიფიკაცია, ადგილობრივი წარმოების გაფართოება და გაძლიერება იმდენად, რომ აითვისოს ჩინეთის და ევროკავშირის ბაზრები. ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ვართ მიბმული რუსეთზე, გარდა იმისა, რომ ჩვენი მეზობელია არის ალტერნატიულ ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის არქონა. ამიტომ, ახლა ძირითადი პრობლემების გადაჭრაზე უნდა ვიზრუნოთ და საბოლოოდ შევამციროთ რუსეთის წილი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში, რადგან რუსეთზე ნაკლები დამოკიდებულება უდრის უკეთეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას."- აღნიშნავს ISET-ის მთავარი მკვლევარი.
მისივე თქმით, კრიზისებს გამოვყავართ კომფორტის ზონიდან და ბიზნესები იწყებენ ფიქრს თუ როგორ გავიდნენ ახალ ბაზრებზე, როგორ იყვნენ უფრო ნოვატორები და როგორ გააცნონ თავიანთი პროდუქცია საზოგადოებას.
"თუ წარმოება არ გახდა კონკურენტული, ეს გადართვები სხვა ბაზარზე არის ხოლმე დროებითი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ფუნდამენტურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს გადალახონ ის პრობლემები, რაც ახალი ბაზრების ათვისების პროცესში აფერხებთ. თუ ეს იქნება მხოლოდ იძულებითი გადართვა და ჩვენი კონკურენტულობის გაზრდა არ იქნება მისი თანმხლები პროცესი, ამ შემთხვევაში უკან დავბრუნდებით.
ამასთან არის ისეთი მიმართულებები, სადაც რუსეთის წილის შემცირება შედარებით მდგრადი აღმოჩნდა, მაგალითად, გზავნილების მიმართულებით. წლების წინ გზავნილების 60%-ზე მეტი რუსეთიდან მოდიოდა და ახლა 20%-ზეა ეს მაჩვენებლი. სამწუხაროდ, ექსპორტის, იმპორტის და ვაჭრობის მიმართულებით ამას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ახლა კარგი შანსი აქვს მთავრობას, სწორი პოლიტიკის შედეგად გაიზარდოს ქვეყნის კონკურენტუნარიაობა, შესაბამისად ეს ბიზნესებს მეტ სტიმულს მისცემს, რომ ახალი ბაზრების ათვისება მოინდომონ."-ამბობს, დავით კეშელავა.