ეკონომიკა
11/03/2022

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ნავთობის ფასზე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ნავთობის ფასი რეკორდულაც იზრდება. 
 
"ცნობისათვის, წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის  სასაქონლო ბირჟაზე შეადგენდა 80 დოლარს/ბარელზე. აღნიშნული ფასი გამომდინარეობდა იქიდან, რომ მსოფლიოში პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი იწვევდა ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას, რომლის პარალელურადაც „ოპეკი +“ ფაქტიურად არ ზრდიდა წარმოებას, რაც განაპირობებდა ნავთობზე მოთხოვნილება-მიწოდებას შორის მნიშვნელოვან დისბალანსს. ამას შემდგომ პერიოდში დაემატა გამწვავებული ურთიერთობა რუსეთ-უკრაინას შორის, რამაც ნავთობის ფასი საომარი მოქმედებების დაწყებამდე (მ/წლის 24 თებერვალი) გაზარდა 99 დოლარამდე/ბარელზე. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი ნავთობის ფასმა ნახტომისებური მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო და ფასმა 140 დოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა", - აღნიშნულია განცხადებაში. 
 
იმპორტიორთა კავშირის შეფასებით, ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო აშშ-ის მიერ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე (670 ათასი ბარელი/დღეში) უარის თქმა, რამაც სანავთობო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად დაძაბა.
 
"მსოფლიოში რუსული ნავთობის ჩანაცვლების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტები განიხილება. მათ შორის, მოლაპარაკებების შედეგად ირანისა და ვენესუელასათვის ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნა. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ უკვე განაცხადა, რომ თავისი წევრი ქვეყნების სტრატეგიული მარაგებიდან  60 მლნ ბარელ ნავთობს მიაწოდებს ბაზრებს და ეს მოცულობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საჭიროების შემთხვევაში. ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნა მცირდება, რაზეც უდიდესი გავლენა აქვს  ევრო კავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო გადაწყვეტილებას, უარი არ თქვან რუსულ ნავთობზე და მათ შორის ის, რომ საუდის არაბეთმა შესაძლოა გაზარდოს ნავთობის წარმოება.

დღეისათვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი შეადგენს 109.33 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი - 106.02  დოლარს/ბარელზე", აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. თუმცა მისი მასშტაბები ბოლო 2 დღეა ნავთობის ფასის კლებიდან  გამომდინარე მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითისათვის, ბოლო 2 დღეში საერთაშორისო ფასები დიზელის საწვავზე შემცირდა დაახლოებით 350 დოლარით/ტონაზე. კერძოდ, ბენზინის ფასი 1 თებერვლიდან დღემდე გაზრდილია 204.25 დოლარით/ტონაზე ანუ 24%-ით 1056.75 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია 256.75 დოლარით/ტონაზე ანუ 32.8%-ით 1040 დოლარამდე/ტონაზე.

"ასევე უნდა აღინიშნოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელზეც ასევე პირდაპირაა დამოკიდებული საწვავზე ფასების ცვლილება. ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება 30 ერთეულით. კერძოდ, 24 თებერვალს ის შეადგენდა 3,0162 ერთეულს, ხოლო დღეისათვის -  3,3189 ერთეულს.

შესაბამისად, საერთაშორისო ფასის მატება და ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში განაპირობებს ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავზე ფასის ზრდას.

მსგავსი საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით იყო 2008 წლის მაისის თვეში. თუმცა იმ პერიოდთან შედარებით დღეს არსებული მაღალი ფასი საწვავზე განპირობებულია პირველ რიგში ლარის გაცვლითი კურსის სხვაობით (კერძოდ, 2008 წლის მაისის თვეში ის შეადგენდა საშუალოდ 1,45 ერთეულს) და ასევე საწვავზე გაორმაგებული აქციზის გადასახადით.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამომავლოდ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი ვითარებაა", - ნათქვამია განცხადებაში.